“საპატრიარქო არ ჩაერევა აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მხარს დაუჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის ილია მეორეს შეხვდა. მინისტრმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მან პატრიარქს ქვეყანაში ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

მისი თქმით, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით შედგა. 

“ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლებას მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს დღესდღეობით, პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ერთობლივად მოვუწოდოთ, რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება და ასევე, აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში როგორც საქართველომ, ასევე მთელმა მსოფლიომ საბოლოოდ დაძლიოს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვიმყოფებით,“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, საპატრიარქო ვაქცინაციის კამპანიაში არ ჩაერთვება, თუმცა მხარს დაუჭერს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 

“საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერევიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას.

ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის და ნიღბების ტარებას და ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში ასევე სხვადასხვა ქადაგებებში და თვითონ სინოდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს პოზიცია, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა,“ – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. 

მსგავსი თემები