“როგორც კი შემოვიტანეთ ვაქცინა, აქტიური ანტივაქსერული კამპანია გააჩაღეს, ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი უსაფუძვლო კამპანია” – თენგიზ ცერცვაძე

პარადოქსია! ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არ ჩქარობენ მის გაკეთებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისთანავე, „აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია“ მიმდინარეობს.

„დაგვიანებით მოხდა ვაქცინის პირველი შემოტანა, რამდენიმე კვირით, მაგრამ წყვეტა არ იქნება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი აზრის და ხალხის მობილიზებას ასაცრელად. რატომ არის ასეთი დაბალი აქტივობა – თავიდან საყვედურები იყო იმაზე, რატომ არ შემოგვაქვს ვაქცინა, როგორც კი შემოვიტანეთ ვაქცინა, აქტიური ანტივაქსერული კამპანია გააჩაღეს. არ მინდა კონკრეტული პირების და ტელევიზიების დასახელება, ვინც ამბობს, რომ „ეს არის ცუდი ვაქცინა“, „ქართველ ადამიანებზე მთავრობა ატარებს ექსპერიმენტებს“, „არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენები“, „შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები“, „13-მა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება და საქართველომ მაშინ დაიწყო, როცა სხვებმა შეაჩერეს ამ ვაქცინის გამოყენება“ და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია. ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაი-ექსპერტების გამონათქვამები, რომ „მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ“. ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ დღეს დაბალი აქტივობა გვაქვს. პარადოქსია, ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს, გვექნება საკმარისი რაოდენობით და არ ჩქარობენ მის გაკეთებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ასპექტი აქვს იმას, რომ რადგან „ასტრაზენეკა“ ბრიტანული ვაქცინაა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი გავცელებისთვის ხელის შეშლა უნდოდათ.

„უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ცოტა პოლიტიკური ასპექტი აქვს ამას, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის. რადგან ეს ბრიტანული ვაქცინაა იყო მცდელობები, რომ თითქოს ამ ვაქცინის ევროკავშირში გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ. ეს მცდელობები ჩავარდა, ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა დამატებითი, დიდი პარტიები შეიძინეს „ასტრაზენეკასი“, ამიტომ ჩვენ ბრძოლა მოგვიწევს, რომ საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იშოვოს და შემოიტანოს. ყველანაირი ჭორი საფუძველს მოკლებულია. როცა დაითვალეს 17 მილიონი ადამიანიდან რომ არ გაეკეთებინათ ეს ვაქცინა, გარდაიცვლებოდა შეუდარებლად მეტი, ვიდრე 4 თუ 5 გარდაცვლილი, რომელიც ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები