“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში” – დავით ზალკალიანი

ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც ძალიან გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს, ამიტომ ყველამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

„თქვენ იხილეთ ის საჯარო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არაფერი დამალული არ ყოფილა, შეხვედრები ინტენსიური იყო და ძალიან დატვირთული, შინაარსიანი და ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დაუსრულებლად მიმდინარეობდეს ეს პროცესი მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია, ვხედავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ისეთი მიმართულებით როგორიც არის პანდემია, მთელი ევროპა ებრძვის პანდემიის ახალ მესამე ტალღას. მოლაპარაკებები არის კომპრომისზე დამოკიდებული და მოლაპრაკებებზე წინაპირობებით ან დათქმებით წასვლა ნიშნავს მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანას. ხელისუფლების მხრიდან ნება გამოხატულია და ეს არის უკვე დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე. საკანონმდებლო ცვლილებები, ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება თუკი ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რომ ბოიკოტი არ არის ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული დემოკრატიისთვის. ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს, ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები