შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს შვიდი ცალი „გლოკის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები გადასცა.

„სამართალდამცველებმა ე.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები