“არ დავეთანხმები ბატონ ნათელაშვილს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე” – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის არ ეთანხმება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას მოლაპარაკების ფორმატის დატოვების თაობაზე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ტექნიკაა ისეთი, რომ საუბარი დაიწყოს ისეთი თემების განხილვით, სადაც პოზიციების დაახლოვების შესაძლებლობა მეტია. 

“მე არ დავეთანხმები ბატონ ნათელაშვილს ამ შემთხვევაში, რადგან მოლაპარაკებების ტექნიკა არის ასეთი, რომ არსებობს საკითხები, სადაც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოვება და შეთანხმება უფრო მარტივია და არსებობს უფრო რთული საკითხები. უბრალოდ, მოლაპარაკების ტექნიკის საკითხია, რომ საუბარი იწყება უფრო ადვილად გადასაჭრელ საკითხებზე და შემდეგ პროცესი მიდის პოლიტიკურად უფრო რთულ და იმ საკითხებზე, სადაც მხარეებს სხვადასხვა პოზიციები აქვსთ. მე არ მინდა საზოგადოება ვინმემ შეიყვანოს შეცდომაში. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია – სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე, ვადამდელი არჩევნების თემაზე და დიახ, იმაზეც, რა საარჩევნო რეფორმებია გასატარებელი,”-აცხადებს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა, იმ მიზეზით, რომ პირველ თემად არ განიხილება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი, დიალოგის ფორმატი დატოვა. 

ამ წუთებში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა თბილისში იმყოფება და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების მანძილზე პირველად, ოპოზიცია და “ოცნება” მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად სხედან.

მსგავსი თემები