ნოდარ მელაძის გამოკითხვა ამ წუთებში იწყება

ამ წუთებში ტელეკომპანია “TV პირველის” მთავარი პროდიუსერისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის გამოკითხვა იწყება. გამომძიებლების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე უპასუხებენ.

შეკითხვები გამომძიებლებს ჟურნალისტებთან ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე აქვთ. “TV პირველის” მთავარმა პროდიუსერმა წინასწარ განმარტა, რომ წყაროს შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს.

“წარმოდგენაც კი არ მაქვს რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, რადგან გუშინაც ვუთხარით, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით, მხოლოდ ის ვიცით, რომ მოვისმინეთ რაღაც ინტერვიუ, სადაც იყო გარკვეულ ვარაუდებზე დაფუძნებული მოსაზრებები ლევან მამალაძის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ამბობდა, რომ არაფერი ამ გამოძიებასთან დაკავშირებული მას მოძიებული არ აქვს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. არ ვიცი გუშინდელი დღიდან დღევანდელ დღემდე რა გაარკვიეს, ახლა გამოკითხვაზე გავარკვევ.

გაუთავებლად გამოკითხვებზე სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ. თუ რამე კითხვები აქვს დღეს ვეცდები ვუპასუხო, ოღონდ წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ ინტერესის საგანი,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ტელეკომპანია “TV პირველის” იურისტ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ლევან მამალაძის ინტერვიუ ერთგვარი პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

“ჩვენ რაც ვიცით, ერთადერთი არის, რომ, როდესაც გამოძიებას გუშინ კითხვა დავუსვით, პირველი არის, რომ არ ვართ ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილი, ან საერთოდ არ ვიქნებით. არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც შეეხება ბატონი მამალაძის ინტერვიუს. დანარჩენი, რა მტკიცებულებებია საქმეში, ჩვენ არ გაგვაცნეს გუშინ და არც წარმოდგენა გვაქვს.

იმ ფარგლებში, როდესაც საუბარია, რომ მხოლოდ ტელევიზიაში გასული ერთი ინტერვიუა მტკიცებულება, ჩვენ არც რეალურ საფრთხეს აღვიქვამთ ამ ინტერვიუდან და გვგონია, რომ ეს ინტერვიუ არის ერთგვარი პოლიტიკური თამაშის ნაწილი,” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მსგავსი თემები