„თუ სამედიცინო პერსონალი არ აიცრა, ვერ მივიღებთ პოპულაციურ იმუნიტეტს და პანდემიას ვერ დავამარცხებთ“ – ივანე ჩხაიძე

„ერთ დღეში აცრილი 668 სამედიცინო პერსონალი კატასტროფაა. ეს  არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, სამიზნე მაჩვენებელს ვერაფრით მივაღწევთ“ – ეს განცხადება იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა და თუ ამ კვირაში ტენდენცია არ შეიცვალა, პროცესს დასჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ვაქცინამ გამოიწვიოს ის გართულებები, რაზეც იყო საუბარი იმიტომ, რომ არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას – ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ხომ არ უნდა ყოფილიყო, ივანე ჩხაიძემ დადებითად უპასუხა:  „სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა ყოფილიყო, თუმცა, საქართველოში ეს გზა არ განიხილება. თუ ვაქცინაციამ სამიზნე ჯგუფები სათანადოდ არ მოიცვა, საქართველოში არ ჩამოყალიბდება ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი და პანდემიას ვერ დავამარცხებთ. 2021 და 2022 წლებშიც ცუდი ეპიდვითარება იქნება და საქართველო მოხვდება „გამორჩეულ“ ქვეყნებში, რომლებსაც ვაქცინა აქვთ, მაგრამ მოსახლეობის საჭირო რაოდენობა არ აიცრა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები