კოვიდვაქცინაცია შესაძლოა ბავშვებშიც დაიწყოს

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ გააკეთა განაცხადი, რომ ვაქცინაციაზე კვლევისას ბავშვთა ასაკი 7- წლამდე დაწიოს, აქამდე კვლევები 12 წლიდან იყო რეკომენდირებული, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

„იგივე იყო გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით, არ ვაკეთებდით 3-წლამდე, დღეს კი 6 თვიდანაა რეკომენდირებული. ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით, ბავშვთა პოპულაციაში ეს ვაქცინა ავტორიზაციასა და პრეკვალიფიკაციას გაივლის და ბავშვებშიც გამოიყენებენ, რადგან აცრა არის უსაფრთხო“, – აღნიშნა მიქელაძემ.

ამასთან პედიატრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ენდონ სახელმწიფოს მიერ პრეკვალიფიცირებულ და მოძიებულ ვაქცინებს. „იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ მოქალაქეები წავიდნენ და სხვა ქვეყანაში გაიკეთონ აცრა. მეტ-ნაკლები გამოცდილება ვაქცინაციის საკითხებში მაქვს და რაც ექიმად ვმუშაობ საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა მაღალი ხარისხის ვაქცინა.

სხვადასხვა ტიპის ვაქცინები იქნება და ადამიანს შეუძლია თავად აირჩიოს, თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველა ვაქცინა იქნება ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუ დაგვრთავენ ნებას, რომ 6 წლის ზევით ბავშვები ავცრათ, აქამდე „მოდერნაზე“ იყო საუბარი ამ ვაქცინას გამოვიყენებთ. მოსახლეობის მასობრივი მოცვაა საჭირო და ბავშვები დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 32%-ს წარმოადგენენ. პანდემიის დასრულება ჩვენი გამოწვევაა და ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ვირუსს უფრო ადვილად დავამარცხებთ“, – განაცხადა მიქელაძემ.

მსგავსი თემები