მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით და ინოვაციური პროექტებით იწყებს

მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს, 20 სექტემბრიდან განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და  ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი. ახალი სეზონი პრემიერით  „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეჟისორმა, იოსებ ბაკურაძემ განუცხადა, „ასტიგმატისტები“ არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით. სპექტაკლის გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში მაყურებელს კომიკურ სამყაროში ამოგზაურებს.

​მისივე თქმით, სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება ექსპერიმენტულ პროექტი. ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. პარტერი სცენის ცენტრში აღმოჩნდება, სცენა კი, წრიულად დამონტაჟებულ ეკრანებზე გადაინაცვლებს. მოძრავ სკამებზე მოთავსებული მაყურებელი, მისთვის სასურველი რაკურსით შეძლებს სპექტაკლის თვალყურის დევნებას.

“მსგავსი ექსპერიმენტი თეატრალურ სივრცეში ჯერ არ განხორციელებულა და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებას ხელოვნებაში საინტერესო პერსპექტივები აქვს. თეატრი ყოველთვის სიახლის პროცესში უნდა იყოს. 360 გრადუსიანი კამერაც პირველი მცდელობაა თეატრალურ სამყაროში, ეს არის საწყისი ეტაპი თუ რამდენად ორგანული გახდება თეატრალური ხელოვნებისათვის მსგავსი ტექნოლოგია“, – აცხადებს რეჟისორი და იდეის  ავტორი იოსებ ბაკურაძე.

24-26 აგვისტოს, თეატრის დასი საქართველოს სახელით წარსდგა River Bank Fetsival-ზე, რომელსაც  ყოველწლიურად 3 მილიონამდე მაყურებელი სტუმრობს. წლების განმავლობაში თეატრი არაერთხელ გამოსულა წარმატებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დიდ სცენებზე.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მაყურებელში.

 

მსგავსი თემები