ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავურუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

”დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.

„როგორც კი ჯანმო სრულყოფილად გაეცნობა ამ მოვლენებს, დასკვნები და მიმდინარე რეკომენდაციების ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას”, – აღნიშნა ლინდმაიერმა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან და ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქმნის გამო დროებით შეაჩერა.

მსგავსი თემები