ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროსაბჭოს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მონაწილეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგთან, მართლმსაჯულებასთან, თავისუფლებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი ასევე განიხილავენ ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობას, ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.

ამასთან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ (ბრიუსელის დროით 14:00 საათზე) გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

გარდა ამისა, 17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შედგა აუდიენცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

მსგავსი თემები