„მათ არაფერი წარმოუდგენიათ გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე  

ირაკლი კობახიძემ იმ სამუშაო პროცესზე მოკლე კომენტარი გააკეთა, რაც ევროპელი მედიატორის მონაწილეობით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს. როგორც კობახიძემ განმარტა, ყველა პუნქტი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან სამუშაო დოკუმენტის სახით დევს, მმართველი გუნდის წარმოდგენილია და ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია.

„ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი. არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან. ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა, ისიც მათი მხრიდან ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას, ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დამოკიდებულების გამოხატულება არის ისიც, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან. მათ არაფერი წარმოუდგენიათ გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას“ – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები