“ვიმედოვნებ ღარიბაშვილი ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს – მაგალითად, გათავისუფლდება ნიკა მელია, მაგრამ ის კვლავ გაიკეთებს სამაჯურს” – მიქაელ გალერი

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან მიქაელ გალერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზე და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსახლეობამ ისინი გარკვეული ვადით იმიტომ კი არ აირჩია, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებით, პარტიული ინტერესების მიღმა იმოქმედონ.

მიქაელ გალერი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში პოლიტიკური კომპრომისით ჩავა. 

“ვიმედოვნებ, რომ ბრიუსელში ჩამოსული პრემიერ მინისტრი თან ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს. მაგალითად, რომ ერთის მხრივ გათავისუფლდება ოპოზიციონერი ლიდერი, მაგრამ მეორე მხრივ, ის კვლავ გაიკეთებს სამაჯურს ან რაიმე მსგავსს – ეს კი მხარეებს დააბრუნებს სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტასთან.

შესაძლოა, არჩევნებზე პრობლემა არა იმდენად ხმების არასწორმა დათვლამ, არამედ სწორედ სტრუქტურულმა დეფიციტმა გააჩინა – სწორედ ამან მისცა ოპოზიციას მიზეზი, რომ არ მიეღო ამ არჩევნების შედეგები. ასეთებია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლების დაშინება, მართლმსაჯულების ღრმა პოლიტიზირება.

დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათ გარკვეული ვადით ირჩევენ არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ, არამედ იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესებით იმოქმედონ, პარტიული ინტერესების მიღმა. ამ ამბავში კრიტიკა ორივე მხარეს ეკუთვნის, მოვუწოდებ ყველას – შეთანხმდით. მე ვიცი, რომ არის დისკუსიები ისეთ შესაძლო კომპრომისზე, რაც თვითმმართველობის არჩევნებისა და პლებისციტის ერთად ჩატარებას გულისხმობს, კონსენსუსის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული,”- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან მიქაელ გალერი.

მსგავსი თემები