საქართველოში 333 არალეგალური ნაგავსაყრელი არსებობს 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ მიერ, 5 წლის წინ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საქართველოში 1357 სტიქიური ნაგავსაყრელი აღირიცხა. დღევანელი მონაცემებით კი დარჩენილია 333. მათ შორის, არის, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასევე, სამშენებლო ნაგავი.

ნაგავსაყრელები ჩნდება ახალ ტერიტორიებზეც,  ძირითადად მარნეულში, სადაც 120 ახალი ნაგავსაყრელი აღირიცხა, თუმცა მანამდე 200 -მდე არალეგალური ნაგავსაყრელი ფიქსირდებოდა.

როგორც ნინო ჩხობაძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბევრ მუნიციპალიტეტში გამოსწორდა ვითარება. ძველი ნაგავსაყრელები ქრება, თუმცა, პრობლემაა ისიც, რომ სხვა ადგილებზე ჩნდება ახალი ნაგავსაყრელები.

მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა სამშენებლო ნაგავი, რომელიც აწუხებს როგორ დედაქალაქს და მის შემოგარენს, ასევე რეგიონებსაც. ნაგავი იყრება მდინარეებშიც.

“2010 წლიდან ჩვენ ვატარებთ აქციას “დავასუფთაოთ საქართველო”. ვითარება შესამჩნევად გამოსწროდა. პირველი აქციისთვის, როცა დასასუფთავებელ ადგილს ვეძებდით, მისი თბილისის ფარგლებში მონახვა საერთოდ არ იყო ძნელი, მაგრამ წელს, როდესაც ადგილს ვეძებდით, თუ სად გაგვემართა დასუფთავების აქცია, სად იქნებოდა უფრო გაშლილი ტერიტორია, ჩვენთვის ასეთი ადგილის მოძიება აღმოჩნდა ცოტა რთული”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში, ამ მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ხელი შეუწყო აქციაში მუნიციპალიტეტების აქტიურმა მონაწილეობამ და დაინტერესებამ, რომ მათი რეგიონი იყოს სუფთა, თუმცა, პრობლემა კვლავაც სერიოზულია.

“კონკურსმა “სუფთა რეგიონი”, რომელიც წელს მესამედ იმართება, ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვის პროცესში მოქალაქეების ჩართვა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა არა ერთი შეხვედრა, რეგიონებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც განვიხილეთ გარემოში ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემები და მათი მოგვარების გზები”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მსგავსი თემები