შვედი დიპლომატი, საქართველოდან შედეგის გარეშე არ მიდის და ვიზიტს ახანგრძლივებს

ევროპელი „მომლაპარაკებელი“ გარკვეული შედეგის მიღწევის გარეშე, საქართველოდან წასვლას არ აპირებს. რადგანაც ამ ეტაპისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში კონკრეტული შედეგი ვერ გამოიკვეთა, კრისტიან დანიელსონმა გეგმა შეცვალა და არ გაემგზავრა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის არსად მიდის და დაგეგმილ ვიზიტს კიდევ ერთი დღით ახანგრძლივებს.

„გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. ხვალაც ვარძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“, – განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ შვედ დიპლომატს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა. გუშინ, მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ ის ოპოზიციასაც უნდა შეხვედროდა და შემდეგ კი პოზიცია-ოპოზიციის ერთობლივ შეხვედრაშიც მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა.

შვედი დიპლომატის მონაწილეობით, დიალოგის პროცესი დღესაც გაგრძელდება.

მსგავსი თემები