„აფხაზებს განსაცდელის ჟამი უდგათ, ეს არანაკლებ მძიმე პერიოდია, ვიდრე  მუჰაჯირობის პერიოდი“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია  ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს  დე ფაქტო მოწყვეტილი აფხაზეთი დე იურედაც ჩამოაშოროს საქართველოს.

„დღეს  აფხაზეთი მოწყვეტილია საქართველოს. რუსეთმა ის დაიმარტოვა. ახლა დადგა ჟამი იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის მიერ ანექსირებული იქნას.  ადრე ის საქართველოს მეშვეობით ურთიერთობდა რუსეთთან და ამან გადაარჩინა. დღეს კი უშუალოდ, პირისპირ დარჩა რუსეთთან. აფხაზების ერთი ნაწილი ცდილობს, რუსის გული მოიგოს, მეორე ნაწილი ცდილობს – საქართველოსთან რაღაც ურთიერთობა დაამყაროს!“, – აღნიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებაში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების სრულ ტექსტს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ძალიან მწყინს ის ყველაფერი, რაც აფხაზეთში ხდება. დღეს აფხაზებს განსაცდელის ჟამი უდგათ. ეს არანაკლებ მძიმე პერიოდია, ვიდრე  მუჰაჯირობის პერიოდი იყო. მაშინ აფხაზებს ქართველები ექომაგებოდნენ, ეხმარებოდნენ. დღეს ისინი მარტონი არიან დარჩენილი დიდი ურჩხულის, რუსეთის იმპერიის წინაშე. ვფიქრობ, დღეს პირველად ქართველებსა და აფხაზებს ობიექტურად გაუჩნდათ საერთო ინტერესი, ესაა აფხაზეთის გადარჩენა რუსული ანექსიისგან. დღეს ყველა წინაპირობაა იმისათვის შექმნილი, რომ მართლაც დაიწყოს ის მრავალდონიანი მოლაპარაკებები, რომლის გამოც დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიცია მის წინააღმდეგ აქციებს აწყობს სოხუმში. დროა, აფხაზებმა და ქართველებმა დაიწყონ შეხვედრები, მოლაპარაკებები. მათ უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ აფხაზეთი რუსული ანექსიისგან გადარჩეს. საჭიროა არასამთავრობო საზოგადოების, ბიზნესსექტორის აქტიურობა. ისინი ძალიან მოწადინებული არიან, რომ ქართველებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეთ.

სამწუხაროდ, აქ ჩვენც რთული ვითარება გვაქვს. ვერ ვიცლით მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემისათვის ისე, როგორც ეს არის საჭირო. სამწუხაროდ, იძულებული ვარ გავიხსენო 1991-1992 წლების შემოდგომა, შემდეგ დეკემბერ-იანვარი, როცა მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენ ჩამოვდიოდით აფხაზეთიდან და აქ ყველას ვეუბნებოდით, რომ არსებობდა აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე და ვთხოვდით დამშვიდებას. თავად პრეზიდენტი გამსახურდიაც აფრთხილებდა ოპოზიციას, რომ თუ მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და აირეოდა ქვეყანა, დავკარგავდით აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, მაგრამ ეს მაშინ არავინ შეისმინა. ჩვენი შიში, პრეზიდენტის გაფრთხილება, საუბედუროდ, ახდა, რეალობად იქცა.

 ცალსახად ვაცხადებ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო დაკარგვა 1992-193 წლებში არის პირდაპირი შედეგი იმ დაპირისპირებისა, რაც მაშინ ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა და რასაც რუსეთი ესწრაფვოდა. ჩვენ დღეს ვდგევართ ახალი, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, რომ დე ფაქტო დაკარგული აფხაზეთი შეიძლება დე იურედ დავკარგოთ და ეს იქნება შედეგი იმ შეურიგებელი დაპირისპირებისა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში.

მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციას: წავიდნენ კომპრომისზე, გაიზიარონ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების არა ერთი განცხადება, რომ არჩევნები მიუხედავად ხარვეზებისა, ჩატარდა კონკურენტუნარიან, თავისუფალ გარემოში და პატივისცემით მინდა  ვთხოვო – შებრძანდნენ პარლამენტში; ყველამ ერთად გამოასწორონ არსებული  ხარვეზები, დაკავდნენ საქვეყნო პრობლემებით – უპირველესად, რუსეთის ანექსიისაგან აფხაზეთის გადარჩენით, ასევე არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემებით!“- აცხადებს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები