რეგიონებში AstraZeneca-ს ვაქცინის გადანაწილება დაიწყო

საქართველომ დღეს AstraZeneca-ს ვაქცინა მიიღო. პირველ მოქალაქეს ორშაბათს აცრიან. 43 200 დოზა, პირველ რიგში, მხოლოდ სამედიცინო პერსონალს მოხმარდება. ვაქცინაციის პროცესში 82 დაწესებულება ჩაერთვება, პრეპარატის გადანაწილება რეგიონებში დღესვე დაიწყო.

ვაქცინა სპეციალური ავტომობილით დაავადებათა კონტროლის იმერეთის  სამმართველოში უკვე მიიტანეს. სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსთვის სულ განკუთვნილია  14080,  უშუალოდ იმერეთისთვის კი 5550 დოზა  ვაქცინა, რომლითაც სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

“დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დღესვე დაიწყება მისი განაწილება, მობილიზებულია რეგიონალური სამსახურები, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით. ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას.  იმერეთისთვის გვაქვს 5550 დოზა ვაქცინა, შესაბამისი ამცრელი კაბინეტებიც მზადა, გავლილი აქვთ ტრენინგები და ორშაბათიდან დავიწყებთ  ვაქცინაციას. სამიზნე ჯგუფი სამედიცინო პერსონალი, რომელთა რეგისტრაციაც დაწყებულია. ვაქცინა შენახულია სამაცივრე დანადგარებში” – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

თელავის ჯანდაცვის ცენტრში 1900  დოზა  სულ ცოტახნის წინ ჩაიტანეს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა  ეტაპობრივად გადანაწილდება, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის   საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრებში. ორშაბათიდან, იმუნიზაციის  პროცესი  თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყება.

აჭარაში AstraZeneca-ს 4 ათასამდე  დოზას დღის ბოლომდე ელოდებიან.  იმუნიზაციის  პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან. ნიჟარაძის თქმით, აქტივობა მაღალია. სულ იქნება 9 პუნქტი, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფო.

მსგავსი თემები