დიმიტრი ხუნდაძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი, ისტორიული მცხეთისა და მცხეთელების ინტერესების დამცველი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის განვითარების გენ.გეგმის შესაძლო კარტერულ გარიგებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგანგებო განცხადებით მიმართავს.

დეპუტატი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება მცხეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შემუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით და მოხდეს მისი თავიდან ბოლომდე, სრულად შესწავლა.

„მოწოდებები მოსახლეობის ჩართვაზე გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში არის ფარსი, რათა მიენიჭოს დოკუმენტს ლეგიტიმაცია. ამიტომაც, მცხეთელების ნებსით თუ უნებლიედ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა რა თქმა უნდა არ არის გამართლებული ნაბიჯი. რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს, მე გავეცანი განხილვის ვიდეოჩანაწერს და ვიტყვი, რომ ის ბიზნეს-გეგმაა და წარმოადგენს 2017 წელს იუნესკოსა და საკრებულოს მიერ უარყოფითად ცნობილი გენერალური გეგმის ხელახლა ,,გადაფერადებულ“ ვარიანტს.

შესაბამისად, ქალაქის ტურისტული პოტენციალის ე.წ. ,,კარიბჭეებში“ გატანა ,,მშრალზე ტოვებს“ მცხეთის ეკონოკურად აქტიურ მოსახლეობას. ამავე დროს, იუნესკოს ექსპერტთა რეკომენდაციების და შენიშვნების იგნორირება რეალურ საფრთხეს უქმნის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ,,მცხეთის ისტორიული ძეგლების“ არსებობას.

შექმნილი მეტად რთული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ერთი არსებობს: მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყენებ ჩემს მორალურ და იურიდიულ ვალდებულებას და მოვუწოდებ საქართველოს გენერალურ პროკურატურას პირველ რიგში გამოიძიონ მცხეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შემუშავების კანონიერება,  რომელსაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ კარტელური გარიგების სახე მიიღო და რომელშიც გარკვეული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა ბრმა თუ მიზანმიმართული ხელშეწყობით მიმდინარეობს. საფრთხეში დგას მოსახლეობის ინტერესები, საფრთხეში დგას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნის საკითხი! როგორც ადრე, ახლაც ვიბძოლებ სამართლიანობით ქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესები დასაცავად!” – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა ამხანაგობა „აქოლისს,“ წლების წინ უნდა დაესრულებინა, თუმცა, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და ვადები გახანგრძლივდა.  ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, უამრავი თანხა დაიხარჯა, თუმცა შედეგი დღემდე არ ჩანს. დოკუმენტი, რომელიც ამხანაგობამ წარმოადგინა, ისტორიული მცხეთისა და მცხეთელების ინტერესებთან ახლოსაც ვერ მიდის.   

მსგავსი თემები