ევროპელი მედიატორი დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციასთან იწყებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პირადი წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი დღევანდელ შეხვედრა ოპოზიციასთან დაიწყებს. დღის განმავლობაში კი მედიას შეხვდება და არსებულ კითხვებს უპასუხებს.

შვედი დიპლომატი მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს უკვე შეხვდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ამჯერად, მმართველი გუნდის პოზიციები შედარებით ლმობიელია და ისინი ყველა საკითხზე მსჯელობენ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მოლოდინი პოზიტიურია.

„იყო პირველი შეხვედრა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი,  რაც შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტის ჩამონათვალშია. რა თქმა უნდა, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან საინტერესო, სასარგებლო შეხვედრა იყო. ცოტა დრო არის დარჩენილი 16 მარტამდე, რომელიც დათქვა პრეზიდენტმა მიშელმა, ასეთივე ცოტა დრო აქვს ყველა მხარეს. შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა სამნიძემ მედიასთან.

ევროპელ მედიატორს ასევე შეხვდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, მედიატორთან შეხვედრა გამოიყენეს იმისთვის, რომ არსებული პრობლემები  დეტალურად განეხილათ.

„არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს. ეს შეხვედრა იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეცნო მედიატორისთვის ჩვენი პოზიციები. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, უნდა წარმოადგენდეს ნიკა მელია“ – აცხადებს სამადაშვილი.

ევროპელი მოდერატორი თბილისს 14 მარტს დატოვებს.

მსგავსი თემები