საქართველო ჩინური ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ჩინური ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, ჩინური ვაქცინა ჯანმოს აკრედიტაციას მალე მიიღებს.

„ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე, „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“ – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზაა შეკვეთილი და ეს რაოდენობა 100 ათასია.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინის პირველ დოზას საქართველო 13 მარტს ელოდება და ეს იქნება 43 200 დოზა. 

მსგავსი თემები