მშობლების და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მშობლების და ბებიის  მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. 

სხდომაზე   დაკავებულის  უფლება დამცველმა  მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ლალი ჩაველაშვილმა მოსამართლეს განუმარტა,რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. 

“ფიზიკურადაც ეტყობა რომ აქვს სხვადასხვა სახის პრობლემები.აქედან გამომდინარე მე ვაყენებ აღკვეთის გარეშე შუამდგომლობას. საჭიროა, რომ ჯერ გამოჯანმრთელდეს. წინასწარი დაკავების იზოლატორშიც რამდენჯერმე დაჭირდა სამედიცინო ჩარევა,”- განაცხადა ლალი ჩაველაშვილმა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დაცვის მხარის არგუმენტების მიუხედავად ბრალდების შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა. 

შემთხვევა თელავში გოშაძის ქუჩაზე 7 მარტს მოხდა. 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილის,ცეცხლსასროლი იარაღით,მშობლები და ბებია მოკლა. რის შემდეგაც პოლიციას თავად აცნობა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები