სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გახსნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ფანგანმა ისაუბრა ბაზრის მონიტორინგის საკითხების მნიშვნელობაზე, მის სპეციფიკასა და ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. 

სემეკის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ექსპერტებმა და სხვადასხვა მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებმა. ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (E-control) ექსპერტმა, იოჰანეს მაიერმა ისაუბრა ავსტრიის გამოცდილებაზე ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის, მისი მიზნებისა და განხორციელების შესახებ როგორც საბითუმო, ისე საცალო ენერგეტიკულ ბაზრებზე,  ასევე კონკურენციის სამართლებრივ ასპექტებზე.

ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში რიგით მე-4 თვინინგის პროექტი 2021 წლის 1 თებერვალს დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა: „ქსელური ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავებისა და მოთხოვნის მხარის ჩართულობის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ“. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control) და გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA). პროექტში ჩართული იქნებიან საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა  (CRE) და ლიეტუვის ეროვნული ენერგეტიკის მარეგულირებელი საბჭოს (Vert) ექსპერტები.  1 500 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობაა 27 თვე. 

მსგავსი თემები