“საბჭოთა კავშირთან კაპიტულაციას ხელი მოაწერა გერმანიის გენშტაბის უფროსმა კეიტელმა, თუმცა მერე მაინც ჩამოახრჩვეს” – შალვა ნათელშვილი

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის შეხვედრაზე განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განიხილეს მოლაპარაკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი.

ნათელაშვილის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა პარტია ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებზე ხელისუფლებიდან არ უნდა იყოს წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა წარმომადგენელი თუ არ გამოიცვლება, მოლაპარაკებებს არ ჩაშლიან.

„ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა ჩატარდა, რომელზეც განხილული იქნა სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, როგორიც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება. იმავდროულად, ჩვენ განვიხილეთ მოლაპარეკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი, რომელიც, ჩანაწერების თანახმად, მხილებულია ბავშვებზე ძალადობაში. პრაქტიკულად ყველა პარტია იყო ერთ აზრზე, რომ გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგანაც რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და ახლა მათთვის მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით იქნება ხსნა.

საბჭოთა კავშირთან უსიტყვო კაპიტულციას ხელი მოაწერა არც მეტი არც ნაკლები გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა კეიტელმა, რომელიც მილიონობით ადამიანის დახვრეტის ავტორი იყო. იმათთან დაჯდნენ მოლაპარაკებაზე, იმას მოაწერინეს ხელი, თუმცა კეიტელი მერე მაინც ჩამოახრჩვეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, რომ არ აპირებენ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ნათელაშვილის თქმით, შინაგანად ყველა, მთელი ოპოზიცია „ლელოს“ მსგავსად ფიქრობს. ნათელაშვილის შეფასებით, მოლაპარაკების მაგიდასთან ივანიშვილი უნდა იყოს წარმოდგენილი.

„არ არის ეს ხელისშემშლელი გარემოება და გაგებით ვხვდებით ამას. მოლაპარაკება გაგრძელდება, რეალურად და ობიექტურად, თუ ჩვენ ვეძებთ ნამდვილ მომლაპარაკებელ მხარეს, ვინც გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, იქ უნდა იჯდეს ივანიშვილი. მე არაერთხელ, წინა რაუნდებზეც მოვითხოვე ივანიშვილის მოსვლა მოლაპარაკებაზე, რადგან მის გარეშე არ წყდება არც პოლიტიკური საკითხები, არც ბიზნეს პრობლემები და არც ბავშვების დაბულინგება, როგორც ვნახეთ. ამიტომ რეალურად ის უნდა იჯდეს, დანარჩენი ყველა არის პრაქტიკულად მინი ღარიბაშვილი, ყვველა არის მისი მონა და ერთმანეთზე არაფრით უკეთესები.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრებოდეს მოლაპარაკებებს, არა მარტო ისინი, ვინც პარლამენტში გასულად ჩათვალა გამყალბებელმა ხელისუფლებამ, არამედ ისინიც, ვისაც არ გადაალახინეს ბარიერი და სინამდვილეში პარლამენტში მოხვდნენ. ამიტომ ჩვენი სურვილია, სრული სპექტრი მონაწილეობდეს, მაგრამ ამ გზაზე ხდება გარკვეული ცვლილებები. წინა რაუნდებზე არ მონაწილეობდნენ გარკვეული ჯგუფები და დღეს მონაწილეობენ. ეს ცვალებადი პროცესია, რომელიც ადვილად გამოსწორებადია. არ დაესწრება ახლა, იმის შემდგომზე მოვა. ეს მოძრაობაში და დინამიკაში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში 9 მარტს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით კი ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხალხის ბრძოლით, ოპოზიციის ერთიანობითა და პრინციპულობით, საქართველო კვლავ გაჩნდა საეთაშორისო რადარებზე.

„ჩვენი ხალხის ბრძოლით, ოპოზიციის ერთიანობითა და პრინციპულობით, ხელისუფლების დანაშულებრივი პოლიტიკით საქართველო კვლავ გაჩნდა საერთაშორისო რადარებზე და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსოფლიო თანამეგობრობის მაღალ ტრიბუნებზე იხილება“, – დასძინა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები