„ჟიული შარტავას სამშვიდობო მცდელობას იარაღი დაუპირისპირეს“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო  

  •  

7 მარტი საქართველოს პირველი ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას დაბადების დღეა. დღეს მას 77  წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს.

„ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ცალსახად და უყოყმანოდ აღიარებს, რომ ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, აღიარებული სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწე.

აფხაზეთის ომის დროს მან, როგორც აფხაზეთის მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, მშვიდობისათვის, აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ძმობის, განუყოფლობის, ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დასაცავად ყველაფერი გააკეთა. სამწუხაროდ, ყველა მისი სამშვიდობო მცდელობა  უზარმაზარი მსხვერპლით დასრულდა, რადგან  სეპარატისტებმა რუსეთის გენერალური შტაბის მხარდაჭერით, მშვიდობას იარაღი დაუპირისპირეს. ჟიული შარტავამ, როგორც სამშობლოს უღალატო პატრიოტმა, არც ამ შემთხვევაში დაიხია უკან. ის მომხვდურს პირისპირ შეხვდა და 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან, ქალაქის დამცველებთან და თანამებრძოლებთან  ერთად, გმირულად აღესრულა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოწიწებით მიაგებს პატივს  ჟიული შარტავას მარადიულ ხსოვნას და დარწმუნებულია, რომ მისი პატრიოტული სულისკვეთებით, ჟიული შარტავას გამორჩეული ბიოგრაფიის მაგალითზე, საქართველოში თაობები აღიზრდებიან.

ამასთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას სწამს, რომ მშვიდობიანი-პოლიტიკური გზით, როგორც ამას ჟიული შარტავა ესწრაფოდა – მიტევებით, შერიგებით, ნდობის აღდგენით,  გარეშე მტრის წინააღმდეგ გაერთიანებით,  უახლოეს მომავალში აფხაზთა და ქართველთა  მრავალსაუკუნოვანი-ტრადიციული თანაცხოვრება, ერთიანი საქართველოს ფარგლებში, კვლავ რეალობად იქცევა“ – ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

მსგავსი თემები