ჭყონდიდის ეპარქიაში დიაკვნებს მღვდელმსახურება შეუჩერეს

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, ისინი მას არ ემორჩილებოდნენ.

„დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება, დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს. ბოლო პერიოდში, დიაკვნების  ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან ისინი პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. ასევე , მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან“ – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მან ასევე ბრძანება, სადაც ვკითხულობთ: „სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში. ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე“.

მიტროპოლიტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მაშინ აღუდგებათ, როცა საჯაროდ მოინანიებენ საკუთარ საქციელს.

შეგახსენებთ, რომ დიაკვნებს ყოფილი მეუფის, პეტრე ცაავას „გუნდის“ წევრებად მოიხსენიებდნენ.  

მსგავსი თემები