ოპოზიცია ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

„6 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს.

“ლელო” მოითხოვს: სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება; გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები; გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა “ლელოსთვის” მიუღებელია“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”, – წერს გიგი უგულავა.

აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გააკეთა.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მსგავსი თემები