“არც ერთი სამედიცინო ორგანიზაცია კანაბისის ეფექტიანობას არ ადასტურებს – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური, კანაფის კულტივაციის, წარმოებისა და ექსპორტის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სამედიცინო მოხმარების მიზნით, მარიხუანაზე დამზადებული პრეპარატების ეფექტიანობა არც ერთი, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ სამედიცინო ორგანიზაციას არ დაუდასტურებია.

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერ ​ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა საკითხი განიხილა კანონპროექტის ავტორებთან, მაგრამ მათგან მყარი არგუმენტები ვერ მოისმინე.

“ამბობენ,  რომელიღაც ქვეყნებში ექსპერიმენტულ დონეზე გამოიყენება ეს პრეპარატებიო. კანაბისის გამოყენება ჯერჯერობით არ არის ჩართული მკურნალობის ტრადიციულ და დასაბუთებულ მეთოდებში. ექსპერიმენტულ დონეზე თუ ვსაუბრობთ, ექსპერიმენტულად ძალიან ბევრი სხვა ნივთიერებაც გამოიყენება. იმისათვის, რომ კანაბისის სამკურნალო მიზნებით გამოყენება დაიწყოს, საჭიროა ის აღიაროს რომელიმე საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციამ. მსგავსი რამ ჯერ არ არსებობს”, – აცხადებს დეპუტატი მირიან წიკლაური.

მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტი შედგება ორი ნაწილისგან, პირველ ნაწილში საუბარია კანაფის მოხმარების რეგულაციებზე, მეორე ნაწილი კი კანაფის სამედიცინო მიზნებით მოყვანას, კულტივაციას და ექსპორტს უკავშირდება.

დეპუტატი ეჭვობს, რომ პროექტს მხოლოდ სამედიცინო მიზნები არ უდევს საფუძვლად და უფრო სხვა, არც თუ ზნეობრივ მიზნებს ემსახურება, კერძოდ, არასამედიცინო მიზნით ნარკოტიკების მოხმარებას.

​”გაეროს 1961 წლის კონვენცია განსაზღვრავს, თუ რისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს ნარკოტიკის წარმოება. იქ წერია, რომ მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის. როგორც ექიმი, განგიმარტავთ, რომ პრეპარატის აღიარება მისი გამოყენებისთვის ხდება სამედიცინო საზოგადოების მიერ. ვთქვათ, რომელიმე დიაბეტური პრეპარატის მკურნალობაში ჩართვა სურთ, დიაბეტთა ასოციაციის ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები განიხილავენ მას. ასევე, ამბობენ, რომ კანაბისი ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენებაო, მაგრამ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა”, – აცხადებს პარლამენტარი მირიან წიკლაური.

 

მსგავსი თემები