“არ გამაჩნდა პოლიტიკური შეხედულება, ბოდიშს ვიხდი ჩადენილი დანაშაულისთვის” – ენმ-ს გორის ოფისის დაზიანებას ბრალდებულები არაფხიზელი მდგომარეობით ხსნიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონულ ორგანიზაციის ოფისის დაზიანებაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 4-ვე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროცესზე სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე მზად იყვნენ, თუმცა, აღნიშნეს, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ ჩაუდენიათ.

“ბოდიშს ვიხდი ჩადენილი დანაშაულისთვის, რადგან ვიმყოფებოდი ზედმეტად ნასვამი. არ გამაჩნდა არავითარი პოლიტიკური შეხედულება, არანაირი პოლიტიკური განზრახვა არ ეს ყველაფერი მომივიდა სიმთვრალის ფონზე,”- აღნიშნა სასამართლოზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა. 

გამოძიების ინფორმაციით, 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქალაქ გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები