– ცაგერში ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივებთან დახურულ შეხვედრას მართავენ

  •  

პროტესტი ნამახვანჰესზე – ამ წუთებში ცაგერში დახურული შეხვედრა იწყება. რეგიონში პრემეირ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ჩავიდნენ. 

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები – ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკვე ადგილზე იმყოფებიან.

მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ნამახვანჰესის მშენებლობასა და მის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ. 

შეხვედრის დაწყებამდე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი – რამდენიმე ადამიანმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ დარბაზი გადავსებულია და მათთვის ადგილი აღარ აღმოჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის უარზე არ არიან, თუმცა რისკის ფასად არ სურთ.

შეხვედრის ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარს ამბობს იმ ადამიანთა ნაწილი, ვინც თვეებია ჰესის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრები” მინისტრებთან გამართულ შეხვედრას არ დაესწრებიან.

როგორც  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები “კურიერთან” საუბარში აცხადებენ, მათთვის მიუღებელია კომუნიკაციის ის ფორმა, რაც მინისტრებმა აირჩიეს. მათი თქმით, შეხვედრა საჯაროობის პრობლემას ქმნის.

“როცა ვამბობთ, შეხვედრას, საუბარია საჯარო შეხვედრაზე, სადაც ყველა მხარე მოისმენს, ესაა ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. მეორეც, პრემიერმა როცა გააკეთა განცხადება, რომ უნდა წამოსულიყვნენ ხალხთან შეხვედრაზე,  მგონი, რაც ცაგერში ხდება, ეგ ის ფორმატი არაა. ვის ხვდებიან ისიც არ ვიცით.

ჩვენთან, ვინც კარავში ვართ 131 დღეა, ფაქტია, რომ უშუალო კომუნიკაციაში არ შემოდიან. ვნახოთ, კიდევ რა განცხადებას გააკეთებენ და რას შემოგვთავაზებენ. ვფიქრობ, მათთვისაც მნიშვნელოვანი არის ჩვენთან კომუნიკაცია. 

რაც შეეხება კომპრომისს, რადგან ზოგადად, ჰესების მოწინააღმდეგეები არ ვართ, გამოცხადდეს მორატორიუმი საკითხთან დაკავშირებით და მოხდეს თემის ფართო განხილვები,” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი თემები