საქართველო „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მიღებას დაეთანხმება

ჯანდაცვის სამინისტრო „ფაიზერის“ ვაქცინის დაგვიანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველომ ყველა ტექნიკური პირობა დააკმაყოფილა.

„რაც შეეხება გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ რომელიღაც პირობა ვერ დააკმაყოფილა და ამან გამოიწვია „ფაიზერის“ მოწოდების გადავადება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინვე გააკეთა კომენტარი. ეს კომენტარი დაადასტურა „ფაიზერმაც“ და დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, რომლის განცხადება საქართველოს მიერ ვალდებულებების და ყველა ტექნიკური პროცედურის შესრულებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.  ინციდენტი სრულად ამოიწურა და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას „კოვაქსის“ ყველა პარტნიორთან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც  „ნოვოვაქსინი“ ჯანმოს დასტურს მიიღებს, მასზე თანხმობას საქართველოც განაცხადებს.

„სიახლეა ისიც, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა გამოჩნდება „კოვაქსის“ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში. ჩვენ უკვე მივიღეთ წინადადება იმის შესახებ, რომ გავითვალისწინოთ „ნოვოვაქსი“ ჩვენი აცრის სქემაში. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას საქართველო დაეთანხმება და უკვე გვექნება საშუალება, რომ „ნოვოვაქსიც“ გაჩნდეს ჩვენი აცრის კალენდარში, როგორც კი ის იქნება ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები