“დააზუსტონ, შემოდიან თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან” – სუბარი ოპოზიციაზე

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, დეპუტატ სოზარ სუბარის განცხადებით, „ისინი“ შემოდიან პარლამენტში. როგორც სუბარი აცხადებს, სწორედ ასეთია შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ოპოზიციამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შესთავაზა.   

“შეთავაზება, რომელის დადეს მაგიდაზე შარლ მიშელთან, ერთ- ერთი არის პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის, პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში. დააზუსტონ, შემოდიან თუ არავითარ შემთხვევაში არ შემოდიან. თუ არ შემოდიან როგორ უნდა გადავანაწილოთ ძალები პარლამენტში? თუ შემოდიან, შემოვიდნენ, ველოდებით. ეს არ არის შარლ მიშელის მოტანილი დოკუმენტი, ეს არის მათ მიერ დადებული წინადადებები და თუ მათთვის მიუღებელი იყო ეს წინადადებები, იქვე უნდა ეთქვათ, რომ ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ“ – განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან.

როგორც დეპუტატი განმარტავს, რიგი საკითხები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, შეუძლებელია მმართველმა გუნდმა გაიზიაროს.

“არის  საკითხები, რომელიც შეუძლებელია გაიზიაროს ადამიანმა, რომელიც სწორად შეხედავს მოვლენებს. მაგალითად, როცა ლაპარაკია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ეს არასწორი ფორმულირებაა”, – აცხადებს სუბარი.

მსგავსი თემები