„გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“ – შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულებთან დაკავშირებით ერთადერთ განაჩენს – მათ გამტყუნებას და პატიმრობას ელოდება. როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მცხეთის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულები იტყუებიან.

„როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, ცრუობენ. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ ისინი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს მისდევენ და თავს დაესხნენ. შემდეგ, უკვე იმ პირობებში, როდესაც ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, უკვე მოწმეთა ჩვენებებით ვადგენთ, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბრალდებულები და შემდეგ წყალში გადააგდეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნაწილმა საერთოდ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ ისაუბრა, ანუ საერთოდ არ შეეხო მომხდარ ფაქტებს, თუმცა იმ ნაწილმა, რომელმაც ისაუბრა ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვასილ მახარაძის შემთხვევაში, ყველა მათგანმა იცრუა სასამართლოს წინაშე და სასამართლოს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია“ – განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მოლოდინი ერთადერთია – ბრალდებულთა გამტყუნება.

„ჩვენ მოლოდინი არც გვქონდა, რომ ბრალდებულებიდან რომელიმე მათგანი იტყოდა სიმართლეს. დღეს კიდევ ერთხელ დავასკვენით, რომ ისინი მოტივირებულები არიან, სასამართლოს თავისი სიცრუე რაიმე სახით დააჯერონ. ბრალდების მხარე ერთადერთ განაჩენს, რასაც ელოდება, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს,“- განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები