„დღეს, ვაქცინების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე“ – ვანო ჩხაიძე

„ვაქცინების არჩევანი გაიზარდა და ბევრად მეტია“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა 1-2 კვირის დაგვიანება, არამედ, პროცესის უწყვეტობა და მეტი ადამიანის აცრა.  

„დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 11 ვაქცინა გამოიყენება. ეს ვაქცინები წარმოებულია რამდენიმე ქვეყნის მერ.  3 ვაქცინა არის ჩინეთიდან, 3 წარმოებულია რუსეთში, 3 ვაქცინა – აშშ-ში, 1  – დიდ ბრიტანეთში და 1 ინდოეთში. ასე რომ, ვაქცინების არჩევანი გაიზარდა და ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ადრე. გარდა ამისა, არის კიდევ 20 ვაქცინა, რომელიც კლინიკური კვლევების მესამე ფაზაშია.  აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ 11 ვაქცინას კიდევ დაემატოს, ძალიან დიდია და უახლოეს თვეებში ვაქცინების არჩევანი იქნება ძალიან დიდი“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე განმარტებით, ვაქცინაციის 1-2 კვირით დაგვიანება ქვეყნისთვის მტკივნეული არ იქნება, მთავარია, პროცესის უწყვეტობა.

„პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაქცინების რაოდენობა და მეორე – პროცესს დროზე დაწყება. ერთი და ორი კვირის დაგვიანება იმდენად დამამძიმებელი არ იქნება, ვიდრე გვექნება თუ არა შესაძლებლობა, ვაქცინაციის კამპანიის დაწყების შემდეგ მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიცვათ. ეს არის მთავარი პრობლემა. მეტად მნიშვნელოვანია მეტი რაოდენობის მოსახლეობის მოცვა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები