„ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი“ – შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული

ამ წუთებში, მცხეთის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გრძელდება. ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ფეხებით რომ დაკიდონ და დენზე შეაერთონ, არ ვიტყვი იმას, რაც არ ჩაუდენია.

მორაგბე არჩილ გაგნიძე გიორგი შაქარაშვილთან შეხებას და მის განზრახ მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს.

“რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფიქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი.  

ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი…. დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და მერე რა პასუხს გამცემთ? ამას არაკაციც კი არ გააკეთებდა. 6-დან 10-წლამდე ბავშვების მწვრთნელი ვარ და ჩემი მანქანით მიმყავს ვარჯიშზე და მერე სახლებში ვარიგებ”,- განაცხადა ბრალდებულმა გაგნიძემ სასამართლო პროცესზე.

სასამართლოზე საბოლოო სიტყვა დღეს ოთხმა ბრალდებულმა თქვა. ამ წუთებში კი მოსამართლის წინაშე სიტყვით კიდევ ერთი ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი გამოდის. არც ერთი ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიცრუის დეტექტორზე შემოწმებაც მოითხოვა.

თუ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ბრალდებულთა ოჯახი აქციებით იმუქრება. მოსამართლემ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს.

მსგავსი თემები