„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“ – იყო გმირი ქართველის პასუხი – დღეს გურამ გაბისკირია 74 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკოსისა და ფეხბურთელის, ქალაქ სოხუმის მერის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. ის 74 წლის გახდებოდა.

გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ოკუპანტებმა მას დაჩოქება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ, – იყო გმირი ქართველის პასუხი. ეს გურამ გაბისკირიას უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსმა ირაკლი ალასანიამ პირად ტრაგედიაზე ისაუბრა და გურამ გაბესკირია გაიხსენა.

„სამოქალაქო დაპირისპირების დროს თითქმის ყველა ადამიანი თბილისში შეიარაღებული იყო. ძალიან ბევრი უდანაშაულო სისხლი დაიღვარა. მეტ-ნაკლებად ყველას გვიწევდა შეხება ამ რეალობასთან. კლასის მეგობრების დიდი ნაწილი დღეს ცოცხლები აღარ არიან. შეეწირნენ ამ დაპირისპირებას, ზოგი ნარკომანიას. ადრეულ ასაკში დაოჯახებამ გამარიდა ძალიან ბევრ საფრთხეს. ამას დაემატა ის, რომ ომში წავედი მოხალისედ. მამაჩემს სამსახურებრივად მოუწია იქ ჩასვლა და ვერ დაბრუნდა. ის სხვებთან ერთად დახვრიტეს 27 სექტემბერს, მათ შორის, გურამ გაბისკირიასთან ერთად. ის სოხუმის მერი იყო და ჩემს თვალში დღესაც არის ქართული ვაჟკაცობის მაგალითი, როდესაც ტყვედ აყვანილმა ჯგუფმა, მათ შორის იყვნენ ჟიული შარტავა, მამაჩემი და სხვები, გმირულად გაწირა თავი. როდესაც გაბისკირიას უთხრეს – “დაიჩოქე!” – გურამ გაბისკირია იძახის: “არასდროს ცხოვრებაში არ დავიჩოქებ!” – მაშინ, როდესაც 200-300 ავტომატი იყო მათკენ მიშვერილი და შემდეგ უკვე ისინი დახვრიტეს. მაშინ მე 19 წლის ვიყავი.

ამ ფაქტორმა მე კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამაღებინა ოჯახის მიმართ. აქედან გამომდინარე, თვისობრივად შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესიც. გადავწყვიტე, სამხედრო საქმისთვის მომეკიდა ხელი” – გაიხსენა ირაკლი ალასანიამ.

მსგავსი თემები