თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 230 ბენეფიციარზე გათვლილი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.

პროექტის მხარდასაჭერად „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  3040 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. სულ 983 200 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდოამზე განაცხადა. ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, კონკრეტულად მათზე მორგებულ სერვისებს და პროგრამებს შესთავაზებს. ცენტრი აღიჭურვება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტდება უცხოეთიდან მოწვეული ტრენერების მიერ გადამზადებული პროფესიონალებით.

ახალ ცენტრში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ექნებათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე, 230 ბენეფიციარს  უფასოდ მოემსახურება.

მსგავსი თემები