“შარლ მიშელმა გვითხრა თუ არა, შევიდეთ პარლამენტში? საკითხი აქამდე არ მისულა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, გვაქვს მყარი პოზიცია” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგია ბოკერია აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საკითხი მთავრობისგან მოდის.

„ზოგადად, ეს შემოთავაზება მთავრობისგან არსებობს. ოღონდ, ეს შემოთავაზება ვერ განხორციელდება, თუ არ განიმუხტა ის დანარჩენი საკითხები, რადგანაც ეს ყველა საკითხი ერთად – იგულისხმება პოლიტიკური დაპატიმრებები და ვადამდელი არჩევნები, ეს საკითხები თუ არ გადაიჭრა, სხვა საკითხები ვერ დაიძვრება, რომელიც ბევრად უფრო გრძელვადიანია. საპარლამენტო მუშაობა და შიგნით დემოკრატიული ახალი პროცესების დანერგვა, ვერ მოხდება, თუ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი არ გაირკვა“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი, რომ ჯერ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და შემდეგ გადაწყდეს ეს საკითხები, ბოკერიამ თქვა, რომ ამ საკითხამდე საუბარი არ მოსულა.

„ანუ, მიშელმა გვითხრა თუ არა ეს ამ შემხვედრაზე? არა, აქამდე საკითხი არც მისულა, რადგან ჯერ ჩარჩო დაიდო იმისა, როგორ და რა საკითხებს ხედავს ის ჩვენთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებად. ჩვენ ვინც არ უნდა მოგვიწოდოს პარლამენტში შესვლისკენ, პოზიცია გვაქვს მყარი იმ თვალსაზრისით, რომ ლეგიტიმაცია თუ არ აქვს პარლამენტს, შესვლა ხელს კი არ უწყობს განმუხტვას, უნდობლობას ნერგავს არჩევნების მიმართ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია უკვე ბევრჯერ წავიდა კომპრომისზე, როცა კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება დაიწყო. მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება თუ მოხდება, ყველა დანარჩენ საკითხს ეხსნება გზა.

„ოპოზიცია კომპრომისზე უკვე ბევრჯერ წავიდა, როცა თავად დაიწყო იმ გზების ძებნა, როგორ შეიძლება საკითხი დავძრათ იქედან, რომ არალეგიტიმური არჩევნები იყო და წესით უნდა გაუქმებულიყო შედეგები. ბუნებრივია, ვითარების განსამუხტად ამ საკითხს, რომელსაც პოლიტიკურად იგივენაირად ვაფასებთ, ფორმალურად არც მოვითხოვთ, ხომ? ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ჩვეულებრივი ვადამდელი არჩევნები, რაც ხდება ხოლმე დალაგებულ, ნორმალურ ვითარებაში მყოფ ქვეყნებშიც კი პოლიტიკური კრიზისების დროს. ვიცით, რომ მთავრობა არ აღიარებს, რომ ეს იყო არალეგიტიმური პროცესი, მაგრამ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, ყველა შემთხვევაში არის განმუხტვა, იმის მიუხედავად, რომელი მხარე როგორ შეაფასებს ამ გადაწყვეტილების ანატომიას.

ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება თუ მოხდება, ყველა დანარჩენ საკითხს ეხსნება გზა. ოპოზიცია აპირებს, იქამდე საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს, ოღონდ ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებასთან და პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები