შესაძლოა, საქართველო „კოვაქს პლატფორმასთან“ დაპირისპირებაში შევიდეს და ეს დაპირისპირება სამართლებრივ ჭრილში გაგრძელდეს. აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აკეთებს.
როგორც მინისტრი ამბობს, „კოვაქს პლატფორმამ“ უნდა ახსნას, რა მოხდა, რატომ დარჩა საქართველო შეთანხმებული ვაქცინის გარეშე.
„სამინისტრომ დღესვე მიმართა „კოვაქს პლატფორმას.“ ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ „კოვაქს პლატფორმასთან“ 18 სექტემბრის შემდეგ, მათი მხრიდან მსგავსი გადაცდომა და წერილი, რომ რაიმე შეცდომა დავუშვით, არ ყოფილა. „კოვაქს პლატფორმა“ ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებით, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა. ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, პლატფორმის ბრალდება ქვეყანას რეპუტაციული რისკის წინაშე აყენებს.
„საუბარია რეპუტაციულ რისკებზე და ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია ესკალაციისთვის, რომ საქართველოში დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია მოხდეს“ – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-ში.
შეგახსენებთ, რომ „კოვაქს პლატფორმის“ განმარტებით საქართველოსთვის ვაქცინის არმიწოდების მიზეზი გარკვეული კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობა გახდა.