ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაზუსტდება „ფაიზერის“ დამატებითი პირობები. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში 2-3 კვირის განმავლობაში შემოვა.
„პროცესი სამმხრივია: საქართველოს მთავრობა, „კოვაქსი“ და „ფაიზერი“. დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მხარეს რა პირობაც იყო დაყენებული, სრულად შესრულებულია. ჩვენ ველოდებით დაზუსტებას „ფაიზერის“ მხრიდან, რა იქნება დამატებითი კონკრეტული მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. Covax ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესის ფასილიტაციაში, რადგან Covax-ისთვისაც რეპუტაციულია ის დაპირება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მივიღებდით ვაქცინას „ფაიზერისგან“, ჯერჯერობით ეს ვაქცინა არ გვაქვს. ეს კვირა ვფიქრობ, საბოლოო იქნება იმისთვის, რომ გადაწყდეს ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელიც „ფაიზერის“ მხარეს შეიძლება იყოს დამატებით პირობებთან დაკავშირებით.
„ასტრაზენეკას“ შემოტანაში ხელს არაფერი არ გვიშლის, სამივე მხარე უკვე გამართულია. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები. ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც” მოგვისწროს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.