შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზიტი შედეგიანი აღმოჩნდება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიმართულებით:
“პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული ქვეყანაში, რაც არის დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ამასთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბარი და იმედი გვაქვს რომ ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების წინ გადასადგმელად,” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაც და ევროპელი პარტნიორებიც თანხმდებიან იმაზე, რომ გამოსავლის მოძებნას დიალოგი სჭირდება, შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გარემო კი ხელისუფლების ნაბიჯებმა დაანგრია:
“ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ჩვენი სამომავლო გეგმები ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს მთავარი თემა იქნება საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, აქ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და იმ ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა, რომელშიც მთელი ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ. გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამისთვის ვართ მზად ოპოზიცია, მაგრამ დიალოგი არ და ვერ იქნება ცარიელი სიტყვები. დიალოგს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული გარემო.ხოლო ეს შედეგზე ორიენტირებული გარემო დაანგრია ხელისუფლების ნაბიჯებმა.კომპრომისისთვის ყველა უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ლომის წილი და მთავარი ტვირთი ამ პროცესში არის ხელისუფლებაზე, რომ რაც დააზიანეს საკუთარი ნაბიჯებით, აღადგინონ და შექმნან შესაძლებლობა ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
“ლეიბორისტების” ლიდერი ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების პირობად ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას ასახელებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია თავის წილ კომპრომისზე უკვე წასულია, რადგან მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოქმედებს:
“მოლაპარაკების მაგიდა დატოვა და მოლაპარაკებიდან გაიქცა ივანიშვილი და “ქოცები” და არა ჩვენ. არავითარი მოლაპარაკება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. მე პირადად არანაირ დიალოგის მაგიდას არ მივუჯდები, თუ ჩემი კოლეგა არ იქნება დაუყოვნებლივ ციხიდან გათავისუფლებული. ჩვენი კომპრომისი არის ის რომ ვმოქმედებთ მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, კარგი გაგებით ევროპულადაც, არ ვძაბავთ სიტუაციას, მეტი რა ვქნათ, ვნებდებით, გვიჭერენ და წინააღმდეგობას არ ვუწევთ. მეტი რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ, რომელსაც ასე გაუყალბეს არჩევნები,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.