ვეტერანმა მორაგბეებმა – ბობა კვინიხიძემ და მამუკა ნამიჩეიშვილმა რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესებსა და არჩევნებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გააკეთეს. მორაგბეები დანიშნულ არჩევნებს ფიქტიურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცდილობენ დე-ფაქტო პრეზიდენტი დაასვან თავზე.
მორაგბეებმა, რაგბის დიდი ოჯახის სახელით განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:“
„გამარჯობა ქართული რაგბის გულშემატკივარო! გვინდა, რომ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამინდში, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით ხართ ტრიბუნებიდან და მე-16 მოთამაშეს წარმოადგენთ, შეცდომაში არ იყოთ შეყვანილი ვინმეს მხრიდან, რასაც ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი! სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის გამოყენება გვიწევს, ძალიან არ გვინდა, მაგრამ უნდა ვთქვათ – „ჩვენი ოპონენტების „ მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომელშიც პირდაპირი ბრალდებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ ქართული რაგბის თემში უმცირესი ნაწილი და ჩვენ ვცდილობდეთ ქართულ რაგბში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას. სრული პასუხისმგებლობით გვინდა ვთქვათ, რომ სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა და ის ჩვენს მხარეს ძევს! ამ განცხადებით, „ჩვენს ოპონენტებს“ სურდათ გულშემატკივრებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ჩვენზე მეტნი არიან და თითქოს, ჩვენ ქართული რაგბის საზიანოდ ვმოქმედებთ!
ჩვენი გულშემატკივარი ბრძენია და კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ ვინ არის მართალი და ვის მხარეს დგას სარაგბო სამყაროს უდიდესი ნაწილი! ერთადერთი, რასაც ჩვენ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეების ძალიან დიდი ნაწილი ვითხოვთ არის ის, რომ სარაგბო საქმეებში არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და სარაგბო სამყაროს თავისუფალ გარემოში შეეძლოს არჩევანი გაკეთება, რაც სამწუხაროდ არ ხდება!
ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ჩვენდამი ბრალდება, თითქოს კლუბებზე ზეწოლის ფაქტებს ვიგონებდეთ, თუმცა 24 თებერვლის ჩაშლილი დე ფაქტო ყრილობის დაწყებამდევე, სარაგბო კლუბ “წიქარას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ დაადასტურა, რომ მათი კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძეზე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში წევს, მოხდა ზეწოლა, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ მინდობილობა ნიკოლოზ წიქარიძის ნაცვლად, ვინმე ნოდარ ლიპარტელიანზე გაეცა, რომელიც “წიქარასთან” არანაირ კავშირში არაა. ამ გზით აღმოჩნდა იოსებ ტყემალაძის ხმის მიმცემ კლუბთა შორის “წიქარა”, კლუბის ნებისგან აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ.
ეს ინფორმაცია თავად “წიქარას” პრეზიდენტმაც დაადასტურა, ბატონმა ნიკოლოზმა კი დღეს ამის შესახებ ღია წერილიც გამოაქვეყნა. მივმართავთ ჩვენს ოპონენტებს: როდესაც სარაგბო ოჯახს და სარაგბო ღირებულებებს ახსენებთ, არ გრცხვენიათ მას შემდეგ, რაც ბატონი თენგიზ გოცირიძის და მთლიანად “წიქარას” მიმართ გააკეთეთ? რომელ რაგბის ღირებულებად მიიჩნევა საავადმყოფოში მყოფ ადამიანზე ზეწოლა და რაღაცაზე იძულება? ამ კლუბში ბავშვები იზრდებიან, დამწყები მორაგბეები და გინდათ, რომ ასეთი უღირსი საქციელები დაინახონ მათ? ეს საქციელი მხოლოდ რაგბისთვის არაა სირცხვილი, მთლიანად ქვეყნისთვისაა სირცხვილი და სამწუხაროა, როდესაც ასეთ რაღაცაზე ვიგებთ. სწორედ ეს არის ქართული რაგბის მიმართ ბინძური კამპანია!
ჩვენი გუნდის და მხარდამჭერების მიმართ ითქვა, რომ ჩვენ ვართ “უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი”. ჩვენს გუნდში არიან საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მორაგბეების უმრავლესობა, ლეგენდარული კაპიტნები, რომლებმაც ქართველ ერს რაგბი შეაყვარეს და არაერთ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვეს საქართველოს ღირსება, გააცნეს მსოფლიოს ქართული რაგბი, ჰქონდათ წარმატებული საკლუბო კარიერა მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში და უმეტესი მათგანი, დღეს წარმატებული მწვრთნელები და მენეჯრები არიან. აქ ჩვენს გულშემატკივარს გვინდა ვკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ, რომლებმაც მთელი ცხოვრება რაგბს მივუძღვენით და საქართველოს ნაკრებში, ქართული რაგბის სამსახურში არაერთი წელი გავატარეთ, ჩვენ ვართ “უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი” თუ მშენებელი, რომელსაც არაფერი ესაქმება ქართული რაგბის წარმატებებთან, რაგბის სათავეში ყოფნისთვის არანაირი საჭირო უნარი არ გააჩნია და როგორც სარაგბო თემის უდიდესი ნაწილისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის სულ მცირე ხნის წინ აბსოლუტურად უცნობი ადამიანი იყო? ასეთი ადამიანის რაგბის კავშირის სათავეში მოყვანისთვის იბრძვის მცირე ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავი სარაგბო თემის უდიდეს ნაწილად წარმოაჩინოს, თუმცა ამას არ დავუშვებთ და გვსურს, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რომელ მხარეს არის უმრავლესობა და რაც მთავარია – სიმართლე!
მათი ეს გარჯა ქართული რაგბის განვითარებას ნამდვილად არ ემსახურება. ემსახურება იმას, რომ ჯგუფი, რომელიც რაგბის კავშირის სათავეშია 2008 წლიდან, კვლავ იყოს მართვაში და შეინარჩუნონ ძველი პრივილეგიები!
რას ვითხოვთ ჩვენ? როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთადერთ რაღაცას – არ მოხდეს გარე ჩარევები და მოგვეცეს საშუალება, მშვიდ ვითარებაში გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი! ეს არჩევანი კი უკვე გაკეთებულია, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე ავირჩიეთ, იმ არჩევნებში, რომელიც თავად ძველმა გამგეობამ ჩანიშნა, იმ გამგეობამ, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს, რომელშიც არაერთი ლეგენდარული მორაგბეა, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ და მათ წინააღმდეგ იმოქმედონ. მათ ჰგონიათ, რომ ქართული რაგბი მხოლოდ მათ ეკუთვნით, თუმცა ქართული რაგბი არაა ვიწრო ჯგუფის საკუთრება და ის ყველა მორაგბეს და ქართული რაგბის გულშემატკივარს ეკუთვნის!
ოპონენტებს ერთადერთ რამეში ვეთანხმებით – აუცილებელია, რომ მოხდეს ორივე მხარის გაერთიანება, ეს ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით და ეს საქმითაც დავამტკიცეთ! იმ კლუბებს, რომლებიც ჩვენ არ გვიჭერდნენ მხარს, 30 დეკემბერს, როდესაც ახალი გამგეობის არჩევა მოხდა, გამგეობაში ადგილები გამოვუყავით და გვსურდა, რომ მათთან ერთად გვეზრუნა ქართული რაგბის განვითარებაზე, ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვყოფილიყავით გაერთიანებულები, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს გზა არ აირჩიეს და დღემდე ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი ჯგუფის მცირე ნაწილი ქართული რაგბის თემის უმრავლესობად წარმოაჩინონ, საკუთარი ტყუილები ჩვენ გადაგვაბრალონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ბატონ იოსებ ტყემალაძეს რაგბის სათავეში არაფერი არ ესაქმება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს, რაშიც წარმატებებსაც ვუსურვებთ, მაგრამ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავს არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე და ვინც 30 დეკემბერს დაფიქსირებული შედეგების წინააღმდეგ იბრძვის, მას ქართული რაგბის წინსვლის ნაცვლად, ხელის შეშლა სურს და პირადი მიზნები ამოძრავებს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ასობით ხელმოწერა ახლავს.