საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს არა მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ სხვა პარტნიორებიც.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, რისკენაც ორივე მხარეს არა მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ სხვა პარტნიორებიც პარტნიორებიც მოუწოდებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გვეწვია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველო ევროპის და ევროკავშირის დღის წესრიგში არის, იყო და მომავალშიც იქნება. სტუმრობა ჯერ კიდევ პრემიერის ვიზიტის დროს იყო ჩანიშნული. მაშინ დაგვპირდა, რომ ჩამოვიდოდა. ეს არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ორივე მხარისთვის მოწოდება არ არის პირველი და უკანასკნელი განცხადება. ჩვენც ზუსტად მაგას ვამბობთ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. პოლიტიკური კრიზისი თუ არის ქვეყანაში, ეს უპირველეს ყოვლისა არის ოპოზიციაში. მმართველ პარტიას რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ეს იყო ცალკეული რაუნდები, საგამოძიებო კომისია შევქმენით, სადაც თავმჯდომარის პოსტსაც ოპოზიციას ვთავაზობთ. ისევე როგორც წევრების რაოდენობას განუზომლად. თუმცა ისინი უარს აცხადებენ. შევთავაზეთ, რომ თუ ერთი პროცენტი მაინც დამტკიცდება, რომ ჩვენ სასარგებლოდ რამე გაყალბდა, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები ჩავნიშნოთ. მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. იწილო-ბიწილო პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი უნდა დამთავრდეს. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ.
მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, ამას მოუწოდებენ ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. არა მხოლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან იყო ეს მოწოდება გაჟღერებული, არამედ თეთრი სახლიდან, სხვა პარტნიორებიდან. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. რევოლუციები უნდა დაივიწყონ. ამის არც საფუძველი და არც მხარდაჭერა ოპოზიციას არ აქვს. ხომ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, თვითონაც ხომ დარწმუნდნენ, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს ეს რევოლუციური სცენარი. ეს აინტერესებს სამ ადამიანს. ერთი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც სახურავებზე დარბის. აქ გაკოტრებული პარტიები და მათი ლიდერები არიან. კონკრეტულად ბოკერიას ვგულისხმობ. რევოლუციური სცენარი მოსახლეობას, მათ შორის მათ მხარდამჭერებსაც არ ინტერესებს. ეს უნდა გაიგონ და გაითავისონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.