მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში ეკლესიის ჩართულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ შერიგება უნდათ, ეკლესიას ეს შეუძლია. სასულიერო პირი ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება არ უნდა მომხდარიყო.
„ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად, როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ. აი დაიჭირეს მელია. ჩემი აზრით თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას“ – განაცხადე მეუფემ საკვირაო წირვის შემდეგ.
მისივე თქმით, პარლამენტში ყველა ერთ აზრზე არ უნდა იყოს და დეპუტატებს, ერთ ხმაში არ უნდა მიეცა მხარდაჭერა მელიას იმუნიტეტის მოხსნისთვის.
„პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინათ ეს. არც 88 კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა, სინოდში არის ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში როგორ უნდა ჰქონდეს ყველას ერთი აზრი. პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო. ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა“ – განაცხადა მეუფემ მედიასთან.