შსს ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” და 236-ე მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები