პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას ობიექტური მიზეზები აქვს და ყველაფერი კეთდება რომ საქართველოში ვაქცინა მალე შემოიტანონ.
„არ მაქვს ინტერესი, რაიმე ან ხელოვნურად მივჩქმალო ან ხელოვნურად გავაბუქო – ვიცი, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს“ – განაცხადა სერგეენკომ მედიასთან და დაგვიანების მიზეზებზეც ისაუბრა.
“ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ისრაელია, ვინც დაიწყო პირველი ვაქცინის კეთება, სერიოზული პრობლემა აქვთ მეორე დოზის მიწოდებაზე. ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არსად მიდის. გასულ კვირას იაპონიის ელჩს შევხვდი. მან მითხრა, რომ ვაქცინაცია იაპონიაში ორი კვირის წინ დაიწყო. ასეა განვითარებულ და დისციპლინებულ ქვეყანაში. შეიძლებოდა, ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ჩავმდგარიყავით, ვინც ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიცირებული ვაქცინებით, მაგალითად, ჩინურითა და რუსულით დაიწყო, მაგრამ ეს ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ იქნებოდა”, – განაცხადა სერგეენკომ.