„ხვალინდელი დღის მთავარი გზავნილი იქნება – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ტოტალური სიმახინჯის დამარცხება, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ – აცხადებს პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარძე აქციაზე საუბრობს, რომელიც ხვალ გაიმართება.
„ხვალ არის ოპოზიციის დიდი მსვლელობა. ჩვენ , „ლელოელები“ ვიკრიბებით 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. „ლელო“ დააფიქსირებს თავის ერთობას და შემდეგ შეუერთდება სხვა ოპოზიციურ პარტიებს ფილარმონიასთან, საიდანაც გაგრძელდება ერთობლივი მსვლელობა. სწორედ ამიტომ, მინდა ჩვენი მხარდამჭერები მოვიწვიო უნივერსიტეტთან. ხვალინდელი დღის მთავარი ლოზუნგი იქნება – ამ ქვეყნის თავისუფლების გადარჩენა და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ტოტალური სიმახინჯის დამარცხება, რომელიც ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძე
მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.
„მე მინდა ხვალინდელ დღეზე საუბარი. მსურს ხიდები ავაშენო იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ ეს ქვეყანა ამოიყვანონ ჭაობიდან. ამიტომ გაერთიანებას და დიალოგს ოპოზიციასთან და ოცნებასთან ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა გადალახოს პიროვნული ამბიციები.
ჩვენ მივიღეთ საქართველო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ტოვებენ სხვადასხვა გზებით. ეს მოცემულობა და გაჭირვება შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ბოლო რვა წელიწადში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა, რომ საქართველოს მოქალაქეებს იმედი გასჩენოდათ. ამ ქვეყანას აქვს მომავალი, ამიტომ ვინც აქ ვართ დარჩენილები და ვისაც აქვს ჩვენი ემიგრაციის მხარდაჭერა, სწორედ იმ ადამიანებმა უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან“ – მამუკა ხაზარაძე