საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მარიხუანაზე მოთხოვნა გაზარდა – ბექა ნაცვლიშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოში მარიხუანის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ქვეყანაში არანაირი ოფიციალურად წარმოებული მარიხუანა და მარიხუანის პროდუქტი არ უნდა გაიყიდოს.

​როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარების პირდაპირ დეკრიმინალიზაცია მოახდინა, შესაბამისად, გაჩნდა კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა. მოთხოვნა აჩენს მიწოდების წყაროს, აქედან გამომდინარე არსებობდა მოსაზრება, რომ შავი ბაზარი რომ არ განვითარდეს, მარიხუანის წარმოების მკაცრი რეგლამენტირება უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეისათვის არ არსებობს ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური ფორმა, რაც შექმნიდა იმის გარანტიას, რომ საქართველოში მოყვანილი კანაფი არ გამოვა შიდა ბაზარზე და საზოგადოება დაცული იქნება.

” რაც შეეხება საექსპორტოდ მის გამოყენებას, ამ შემთხვევაში თუ არის საუბარი რაღაცა კონცენტრატზე, რომელიც კანაფის გადამუშავების შედეგად მიიღება, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით პოზიციები მკაფიო არ არის, არც ინსტიტუციონალური ფორმა არის ჩამოყალიბებული. როდესაც ქვეყანაში საუბარი დაიწყო პორტუგალიის მოდელზე, ლიბერალიზაციაზე, ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, ყოველთვის ვამბობდი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ეს პოლიტიკა გატარდა, მათ ჩაატარეს კვლევა, თუ რა იყო მოსახლეობაში ნარკოტიკის მოხმარების მოტივი და რომელი სოციალური ფენები მოიხმარდნენ მას. ნარკოტიკი არის მძიმე სოციალური რეალობიდან გაქცევის ერთ-ერთი საშუალება. რომელ ქვეყანაშიც ეს პოლიტიკა გაატარეს, მათ მყისიერად გაზარდეს სოციალური დანახარჯი თერაპიის ცენტრების შექმნის, განათლებისა და დასაქმების პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ მეორე მხრივ, მივდივართ ნარკოლიბერალიზაციის გზით. ეს მოგვცემს ძალიან ცუდ შედეგს”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები