„გარე ძალებისგან მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვეტერანმა მორაგბეებმა – პალიკო ჯიმშელიძემ და ლევან ობოლაძემ განაცხადეს.
რაგბისტები ამბობენ, რომ ხმებს ფიზიკურად დაიცავენ. “მედიაცენტრ მთავარში“ ვეტერანმა მორაგბეებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
“მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე რათა მათ არჩევნებში იოსებ ტყემალაძეს დაუჭირონ მხარი, რომელიც, რაგბის ოჯახისთვის უცხოა, ჩვენს ხმებს ფიზიკურად დავიცავთ.
ზეწოლა და დაშინება მუნიციპალური კლუბების მიმართ ხორციელდება და მათ ძირითადად დაფინანსების მოხსნით ემუქრებიან, ამჟამინდელ სიტუაციაში რაგბის და მათ მომხრეებს ფიზიკური დაცვა სჭირდებათ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ – განაცხადეს მორაგბეებმა „მედიაცენტრ მთავარში.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება ყრილობის არალეგიტიმურობის მოტივით არ დაურეგისტრირა. გუშინ დანიშნულ არჩევნებში, აბუსერიძის მომხრეების პროტესტის გამო ქვორუმი არ შედგა.
ორგანიზაციამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძეა რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.