“ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამს. უმრავლესობის წევრები შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს სწორედ შეთანხმებასა და ერთიანი პოზიციების გამოძებნაში ხედავენ. როგორც მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ ფორმატში დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და პოზიციები შეაჯერონ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სურვილია ხელისუფლება და ოპოზიცია არა კინკლაობით, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტით იყოს დაკავებული.
“ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ეს საუბარი უნდა შედგეს პარლამენტში და თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ მიიღონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან ერთად. პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას სჭირდება ერთადერთი რამ, იმ საკითხების მოძებნა, რაზეც ჩვენ გვექნება ერთიანი პოზიცია და მე მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტით,” – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი.
“რესურსი ჩვენი მხრიდან არის, რა თქმა უნდა და ჩვენ ღია ვართ ამისთვის. ჩვენმა ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ ისინი მომავალზე, რამდენად ფიქრობენ იმაზე, რაც გვაერთიანებს. მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, როგორც ასეთი, არამედ არის შეთანხმება. გუშინდელი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სწორედ აქეთკენ იყო მოწოდებული, როდესაც ის საუბრობდა რომ ეს დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მომართული შეთანხმებისთვის, არა დათანხმებისთვის, არა დაყოლიებისთვის და ა.შ.” – ამბობს შალვა პაპუაშვილი.