„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით, ასევე მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები, საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება.
ასოციაციის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება.
საია მოკლე მიმოხილვას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით.
„სამართალდამცავების მხრიდან სასამართლოს განჩინების აღსრულებას წინ უძღოდა პოლიტიკური პროცესები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 16 თებერვალს პარლამენტმა დეპუტატის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის წინასწარი თანხმობა გასცა. შედეგად, ამავე წლის 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გირაო შეიცვალა პატიმრობით, დასაბუთების ნაწილში წარმოშობს კითხვის ნიშნებს.
მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, რის მიზეზადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. შს სამინისტრომ დაგეგმილი ღონისძიება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო დროებით გადადო. ხოლო, პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილს, მიმართ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მეორე დღესვე ნიკა მელია დააკავეს. სახელმწიფო უწყებების მხრიდან მსგავსი ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.